თავდაცვის მინისტრი: პოლონეთი მზადაა, უკრაინას სამობილიზაციო ასაკის კაცების დაბრუნებაში დაეხმაროს

25-04-2024 10:03:22 მსოფლიო

პოლონეთი მზადაა, უკრაინას სამობილიზაციო ასაკის კაცების დაბრუნებაში დაეხმაროს, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

მისი თქმით, ვარშავა დიდი ხანია, სთავაზობს კიევს დახმარებას სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი ლტოლვილებისა და იმიგრანტების იდენტიფიცირებაში. როგორც მან აღნიშნა, "ამ დახმარების კონკრეტული ფორმები, უკრაინული მხარის სურვილზეა დამოკიდებული".

„ვფიქრობ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკმაყოფილოა, კაფეებში ახალგაზრდა უკრაინელი კაცების ნახვით, როდესაც ხედავენ რამხელა ძალისხმევად გვიჯდება უკრაინის დახმარება... გასაკვირი არაა, ისიც რომ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებსაც აქვს საფუძვლიანი პრეტენზია თანატოლების მიმართ, რომლებიც მსოფლიოში გაიფანტნენ“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირაში გამოაცხადა 18-დან 60 წლამდე უკრაინის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ დოკუმენტების გაფორმების შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ეს ნაბიჯი მობილიზაციის შესახებ ახალ კანონს უკავშირდება.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 4.3 მილიონი უკრაინის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის დაახლოებით 860 ათასი კაცი. პოლონეთმა 950 ათას უკრაინელს დროებითი თავშესაფარი მისცა და ამ მაჩვენებლით გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები