
ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
27/12/2019 08:50:16 საზოგადოება
ტელეკომპანია „პირველის“ გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც გრიგოლიამ განაცხადა, "ივანე მაჭავარიანს წამოცდა კი არა, თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება".
"მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად, პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი-2“-ს, „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ დავბერდით ყველანი ამ პროფესიაში და ზეპირად ვიცით. გვაინტერესებს, მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენეს ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. მას წამოცდა საუბრის დროს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ იმ ტელევიზიებს არ გადაახდევინეს იმ პერიოდში ვალი და, როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა – დაისაჯა ვინმე? ვისიც გინდათ, იმის პასუხისმგებლობა დააყენეთო. ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი. მე არავის პასუხისმგებლობის დაყენებას არ ვაყენებ“, – განაცხადა გრიგოლიამ.
როგორც გრიგოლია შეხვედრაზე შესვლამდე აცხადებდა, ტელეკომპანია “პირველი“ „გაჯიქებას“ არ აპირებს და აუცილებლად გადაიხდის დავალიანებას, თუმცა მას შემდეგ, რაც თანაბარ პირობებში იქნება სხვა დავალიანებების მქონე ტელევიზიებთან:
"მაქვს ერთადერთი სათქმელი მინისტრისთვის: გუშინ რომ დაეწყო მთელი ხელისუფლება, გამოვიდა და გააჟღერა მესიჯი, რომ ხალხს ეკუთვნის ბიუჯეტი და ხალხს უნდა დაუბრუნონ გადასახადები, დიახ, ხალხს უნდა დაუბრუნოთ გადასახადები - გადაახდევინეთ „იმედს“ და „მაესტროს“ ის ბევრი მილიონი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და შემდეგ გველაპარაკეთ ულტიმატუმის ენით. მე ვამბობ იმას, რომ უსინდისობაა, დააბრალო კერძო კომპანიებს „კავკასიას“ და ჩვენ თავს ვგულისხმობ, რომ გადასახადებს არ იხდის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც 2016 წლიდან მოყოლებული უზარმაზარ დავალიანებას არ ახდევინებ ტელევიზიებს, რომელიც კოჭს გიგორებს. ინკასოზე მეტად ამ თემაზე ვარ გაბრაზებული. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები, მხოლოდ 2 კვირით ვითხოვდით გადაწევას. გაჯიქებას არ ვაპირებთ".
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტელევიზიებს დავალიანების ძირი თანხის დასაფარად ერთ დღეს აძლევდა. 25 დეკემბერს კი ხსენებული ტელეკომპანიების ანგარიშებს ინკასო დაადო.