29-04-2024 23:28:08 პოლიტიკა
პარლამენტში, სადაც ხვალ "აგენტების" შესახებ კანონის განხილვა განახლდება, ონლაინმედიას კვლავ არ დაუშვებენ.
შესაბამისად, შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„უსაფრთხოების“ მიზეზით ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის უფლება არ მიეცათ 15, 19 და 29 აპრილს, - მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონი“ განსახილველად დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოში.
„აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს.