Accentnews.ge
პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, თავდაცვის ძალების მეთაურმა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო

პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, თავდაცვის ძალების მეთაურმა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო

30/04/2024 08:25:22 თავდაცვა

პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ– მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო.

რა თქვა გენერალ– მაიორმა გიორგი მათიაშვილმა

"მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ–მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო, მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ თავდაცვის ძალების 33–ე იუბილეს.

დაარსების დღიდან საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად და თანმიმდევრულად ვითარდება და აღწევს წარმატებას. სამ ათწლეულზე მეტია, რაც თავდაცვის ძალები ღირსეულად დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენს წარმატებას განაპირობებს განხოციელებული რეფორმები, რომელიც ფოკუსირებულია ჯარისკაცზე ზრუნვასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე. ძლიერი და მოტივირებული ჯარისკაცი თავდაცვის ძალების წარმატების ქვაკუთხედია", – განაცხადა გენერალ– მაიორმა.

ამის შემდეგ მან თავდაცვის ძალებში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა:

  • "თავდაცვის ძალებში მიმდინარე და განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა, რომ დავიწყეთ სრული ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობის ქართული წარმოება. ამოიცვალა და დაინერგა თანამედროვე ნატო–ს სტანდარტების საბრძოლო შეიარაღება, ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება ნატო–ს სტანდარტების შესაბამისად. საქართველომ დაიწყო ერთობლივი ქართულ–პოლონური დრონების წარმოება, მიმდინარე წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა".

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს "პარტნიორებს გაწეული დახმარებისა და გვერდში თანადგომისთვის".

  • "საამაყო და ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უჭირავს ღირსეული ადგილი საერთაშორისო პარტნიორებს შორის სამხედრო ოპერაციებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში. მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუახდო ჩვენს პარტნიორებს იმ გაწეული დახმარებისა და გვერდში თანადგომისთვის. თავდაცვის ძალების განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას, ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნების ჩატარებასა და თვითშეფასების ეფექტური პროცესის დანერგვას, რათა თავდაცვის ძალებმა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება".

მან განსაკუთრებული პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციებში შესრულებისას თავდადებულ თანამებრძოლებსა და მათ ოჯახებს.

  • "მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობის, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ძალების პრიორიტეტების აღსრულებას. მადლიერი ვარ ყველა იმ ჯარისკაცის, ოფიცრის სამოქალაქო პირის, რომელთაც იმსახურეს და ახლა მსახურობენ თავდაცვის ძალებში. მსურს პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო სამხედრო ვეტერანების მიმართ, რომელთა თავდადება და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოა ჩვენი და მომავალი თაობებისთვის. ჩვენს რიგებში არიან საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. საამაყოა, რომ ისინი კვლავ მტკიცედ დგანან სამშობლოს სადარაჯოზე, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციებში შესრულებისას თავდადებული ჩვენი თანამებრძოლებისა და მათი ოჯახების წინაშე. მარად გვემახსოვრება მათი სახელები. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დაარსების დღეს და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენთაგანს როგორც თავდაცვის ძალების აღმშენებლობაში, ისე პირად საქმეში, მადლობა", – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა თავდაცვის ძალების მეთაურმა.

ცნობისთვის: მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების 33-ე საიუბილეო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S