
თავდაცვის მინისტრი: დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება
30/04/2024 08:36:02 თავდაცვა
პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტს არც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მიესალმა.
მან ისაუბრა რომ მნიშვნელოვანია "საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა" და აღნიშნა, რომ "დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება".
„თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისა და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებას და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას. ქართული ჯარი თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი უფრო მეტად დაფასებული. რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს, დაიცვას ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მან აღნიშნა, რომ "თავისუფლებისა და გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა".
„ჩვენი გმირები არიან ჩვენი სიამაყის საფუძველი, რომლებიც განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასდროს დათმობს თავისუფლებას“,-განაცხადა ჩიქოვანმა.
მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების 33-ე საიუბილეო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021