Accentnews.ge
ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას“

ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას“

30/04/2024 08:54:54 თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეებს ქართული ჯარის დაარსების 33 წლის იუბილე მიულოცა.

სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა მოქმედ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირები გაიხსენა.

მინისტრმა თანამედროვე თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესში სამხედროების სხვადასხვა თაობის ღვაწლი, პროფესიონალიზმი და სამშობლოს წინაშე მათი თავდადება ხაზგასმით აღნიშნა:

„დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს, მამაც, ღირსეულ და გაუტეხელ მებრძოლებს. ბევრი ვეტერანი დღესაც აგრძელებს სამშობლოს სამსახურს და ახალგაზრდა თაობას გამოცდილებასა და პროფესიულ ცოდნას გადასცემს. თავდაცვის ძალების დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებმაც, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას ჯანმრთელობა შესწირეს და თავიანთი გაუტეხელობით, ბრძოლისუნარიანობით დღესაც უდიდეს სიამაყეს იწვევენ, ემსახურებიან სამშობლოს და საამაყო გამარჯვებებით გვახარებენ“.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და აღნიშნა, რომ "თავისუფლების, გლობალური მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლაში, ჩვენმა ქვეყანამ მძიმე ფასი გადაიხადა".

„ქედს ვიხრი თითოეული გმირი სამხედროს წინაშე, რომელმაც საოცარი თავგანწირვა, გმირობა, სამშობლოსა და ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ და ბოლომდე მებრძოლ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას“, – განაცხადა მან.

მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების 33-ე საიუბილეო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S