
მთავრობის წევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
27/12/2019 14:59:17 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრის შემდეგ კლინიკა „მედინას“ კლინიკურმა მენეჯერმა ჯუმბერ უნგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია ის, რომ გაგრძელდეს საყოველთაო პროგრამა, რომელმაც ბევრი გააკეთა მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის.
მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერის წინაშე დააყენეს, კლინიკების წინაშე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული დავალიანებაა:
„დავალიანების შესახებ პრემიერმა პოზიტიური დაპირებები მოგვცა. თანხის გადახდის სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, როგორ წავა ეს რეფორმები. სავარაუდოდ, როგორც იყო ნათქვამი, შეიძლება, კვარტალში ერთხელ ანდა ოთხ თვეში ერთხელ ეს დავალიანება იყოს აღმოფხვრილი“.
მისივე თქმით, კიდევ გაიმართება შუალედური შეხვედრა, სადაც ბევრი რამ გაირკვევა.
საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის ვეფხვია ოდიშარიას თქმით, პირობა არის მიღებული: „თუ ავუწყობთ რეფორმას ფეხს და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, იმ კლინიკების დავალიანება, რომელიც ჩამორჩება მიმდინარე პერიოდს, შემცირდება“.
გიორგი გახარიამ შეხვედრაზე სიტყვით მიმართა კლინიკების წარმომადგენლებს: „საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა - არც მთავრობის, არც თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს“.
პრემიერი მაგალითად ასახელებს იმას, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება.
გარდა ამისა, გახარია სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს, რომ ჯიბიდან გადასახდელი თანხა იმდენად მაღალია, მოქალაქე ვერც კი გრძნობს, საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება.