
საპოლიციო ძალების მხრიდან სპეცსაშუალებების გამოყენების შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ
30/04/2024 18:33:50 საზოგადოება
საპოლიციო ძალების მხრიდან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალების – ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, მოქალაქეები დაშავდნენ. დაშავებულებს შორისაა ენმ-ის დეპუტატი ანი წითლიძე.
დაფიქსირდა მომიტინგეთა ცემის ფაქტები.
მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. ადგილზე სასწრფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
შსს აღნიშნულს "მართლწესრიგის აღდგენით" ხსნის:
"მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები".
პარლამენტთან პროტესტი გრძელდება.