
კახა კალაძე: მინდა, თითოეულ პოლიციელს, მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის
01/05/2024 08:02:29 ციტატა
"გუშინ ყველამ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა პირდაპირ აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ასე შემდეგ. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გაცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ბევრი ადამიანი იყო, ვინც აპროტესტებდა მშვიდობიანი ფორმით, ეს მისაღებია, არავის აქვს ამის შეზღუდვის უფლება. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ იყო. ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება. არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას. როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს რეაგირებას მოახდენს კანონის ფარგლებში“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.
17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.