
ნაცვლიშვილი – "ოცნებას": ვის ატყუებთ, კანონში რომ წერთ სიტყვა "რეგისტრაციას", თუ ადამიანი აგენტობას აღიარებს, არ უნდა გამოიძიოთ? რომ არ იძიებთ ფარცხალაძეს, ამას ვხედავთ
01/05/2024 09:46:43 ციტატა
"ორგანიზაციებმა უკვე საჯაროდ გითხრეს, რომ იმ საქმიანობისთვის, რაც საქართველოს ინტერესს ემსახურება, არავინ აპირებს დარეგისტრირდეს ამ რეესტრში. მაგრამ მე თეორიული კითხვა მაქვს ასეთი: რომ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რეესტრში დარეგისტრირდებიან და იტყვიან, აღიარებენ ან დაიბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენიათ – უცხო ქვეყნის ინტერესების მსახურებას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ნორმალურმა სახელმწიფომ, რომლსაც პრეტენზია აქვს სუვერენიტეტზე , თუ ადამიანი აღიარებს ან დაიბრალებს, რომ სხვის ინტერესებს ემსახურებოდა და არა საკუთარი ქვეყნისას, მერე ამას გამოძიება არ უნდა მოჰყვეს? ვის ატყუებთ, აქ რომ წერთ სიტყვა "რეისტრაციას". თუ ადამიანი აგენტობას აღიარებს, არ უნდა გამოიძიოთ? რომ არ იძიებთ ფარცხალაძეს, ამას ვხედავთ", – ასე მიმართა ოპოზიცინერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე "ქართულ ოცნებას".
დღეს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაპირისპირების ფონზე განახლდა.
სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პაპუაშვილი ოპოზციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ.
პაპუშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს თაკო ჩარკვიანსა და სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა, მანამდე კი მიკროფონის გათიშვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო მათ გაფრთხილება მისცა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.
17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.