"რუსებს ვუთხარი, პრეტენზია იმაზე მქონდა, რომ იქ იყვნენ"
30/12/2019 05:27:13 საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშილის თქმით, მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლებს გადასცემდნენ, ჰკითხეს, პრეტენზია ხომ არ ჰქონდა. "ვუთხარი, რომ პრეტენზია, რა თქმა უნდა, მაქვს, რომ ისინი იყვნენ იქ",-გაფრინდაშვილის თქმით, ასე უპასუხა მან რუს მესაზღვრეებს.
"ვუთხარი, რომ მინდა, რაც შეიძლება დროზე დაბრუნდნენ სახლში",-თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გათავისუფლდა. ის ოკუპანტებს 49 დღის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული.
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა. საოკუპაციო რეჟიმი მისგან “დანაშაულის აღიარებას" ითხოვდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".


