Accentnews.ge
შავგულიძე:  "აგენტების კანონის" გავრცელება, იმ ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია 2023 წელში, ეწინააღმდეგება კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს

შავგულიძე:  "აგენტების კანონის" გავრცელება, იმ ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია 2023 წელში, ეწინააღმდეგება კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს

01/05/2024 13:25:25 ციტატა

"არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს ეს კანონი უდგენს პასუხისმგებლობას, რომ თუ მათი წლიური შემოსავალის 20%–ზე მეტი მიღებული აქვს უცხოეთიდან, დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში. თუ ამას არ გააკეთებენ, ასეთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ძალიან მკაცრ სანქციებს. ამ პასუხისმგებლობას ადგეს დღეს, მაგრამ მე–10 მუხლში, გარდამავალ დებულებებში წერია, რომ თუ 2023 წლის მონაცემებით სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, ანუ მიღებული აქვს 20%–ზე მეტი დაფინანსება უცხოური ძალისგან, ის ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს. გამოდის რომ მე–10 მუხლი პასუხისმგებლობას, რომელიც დგება დღეს და ამოქმედდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ავრცელებს იმ ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია 2023 წელში, რა დროსაც ასეთ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა ეს ქმედება [ 20%–ზე მეტი დაფინანსება უცხოური ძალისგან]. ახლა ვნახოთ, კონსტიტუციის 31–ე მუხლის მე–9 პუნქტი რას გვეუბნება: "არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მე–10 მული პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს. მაქვს შემოთავაზება ამოიღეთ ეს მუხლი და გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ", – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

  • დღეს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაპირისპირების ფონზე განახლდა.

სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პაპუაშვილი ოპოზციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ.

პაპუშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – თაკო ჩარკვიანს, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და გიორგი ბოტკოველი სხდომიდან გააძევა.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. 30 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S