
HRW: რუსმა სამხედროებმა 20-ზე მეტი უკრაინელი ტყვე მოკლეს
02/05/2024 07:51:01 მსოფლიო
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულის მორიგი ფაქტები გამოავლინა.
2 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრიდან რუსეთის არმიის ჯარისკაცებმა დახვრიტეს სულ მცირე, 15 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ და კიდევ 6, რომლებიც ტყვედ იყვნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კვალიფიკაციი, ეს ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს, როგორც ომის დანაშაული.
HRW-ის ანგარიში ეფუძნება საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების, დრონებით გადაღებული ჩანაწერების და სხვა მასალების ანალიზს.
აღწერილი ფაქტები დაფიქსირდა 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვალში, მათ შორის, დონეცკის ოლქის სოფელ ივანოვსკოეს მახლობლად.
რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის ფაქტებს იძიებენ უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურები.
სამხედრო ტყვეების დახოცვა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და ომის მძიმე დანაშაულად ითვლება.