Accentnews.ge
პრემიერი: "აშშ-ის სახდეპის მრჩეველს განვუმარტე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია"

პრემიერი: "აშშ-ის სახდეპის მრჩეველს განვუმარტე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია"

03/05/2024 08:54:05 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს განუმარტა რომ "ურთიერთობების გადატვირთვა სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია". ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.

"ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული “ენჯეოების” მეშვეობით განხორციელდა. მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა. ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”,- წერს ირაკლი კობახიძე.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ პრემიერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში შემდეგი დაწერა:

"პრემიერ–მინისტრ კობახიძეს გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდამჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელახლა იზრუნოს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს".

რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს:

„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S