
"ჰამასი" აცხადებს, რომ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას
06/05/2024 18:41:51 მსოფლიო
"ჰამასი" აცხადებს, რომ ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა.
"ჰამასმა" ამ შინაარსის განცხადება ორშაბათს გაავრცელა და ამბობს, რომ მისმა ლიდერმა ისმაილ ჰანიემ კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს აღნიშნული აცნობა.
ისრაელს ამ თემაზე ჯერ–ჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
"ჰამასის" განცხადებას რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ისრაელის მხრიდან პალესტინელებისთვის გაცემული ბრძანება ევაკუაცია დაეწყოთ ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან, ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინ. რაფაჰს თავს აფარებს ღაზას სხვა არეალებში ბრძოლას გამოქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი. ისრაელი აცხადებს, რომ რაჰაფი არის "ჰამასის" უკანასკნელი ბასტიონი. "ჰამასის" განცხადების შესახებ ცნობის გავრცელებას რაფაჰის ქუჩებში ხალხი სიხარულით შეხვდა.
წინადადების დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა ბოლო დღეებში ეგვიპტისა და "ჰამასის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად გაგრძელდება, რა დროსაც "ჰამასი" მძევლებს გაათავისუფლებს, ისრაელი კი ღაზადან არმიას გაიყვანს.
გაურკვეველია შეთანხმება თუ მოიცავს "ჰამასის" მთავარ მოთხოვნებს - ომის დასრულებას და ისრაელის ძალების სრულად გასვლას.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი. ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზას ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.