
სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების დარღვევა დაადგინა
07/05/2024 10:28:53 საზოგადოება
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.
სასამართლოში წარდგენილი იყო 26 განმცხადებლის საქმე, რომლითაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ გადამეტებული ძალის შედეგად, რაზე გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევდნენ.
გარდა ამისა, მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლების დარღვევის ცნობისგან.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს რამდენიმე განმცხადებლის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.
"კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლებს შემდეგი თანხები უნდა გადაუხადოს:
15 000 ევრო (თხუთმეტი ათასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დაეკისროს ამ თანხას, ბ-ნ ქურდოვანიძეს, ქ-ნ გომურს, ბ-ნ სულაშვილს და ბ-ნ ჩანქსელიანს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება;
5000 ევრო (ხუთი ათასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, ამ თანხას დაეკისროს, ბ–ნ ცაავას, ბ-ნ კმუზოვს, ბ-ნ სვანაძეს, ქ–ნ ბაღაშვილს, ქ–ნ ნემსაძეს, ქ-ნ ვახტანგაძეს, ქ-ნ ხოზრევანიძეს, ბ-ნ კოშკაძეს, ბ-ნ მურადოვს, ბ-ნ ჭუმბურიძეს, ქ-ნ აბაშიძეს, ბ-ნ დიასამიძეს, ბ-ნ შეყილაძეს, ბ-ნ ფოჩხიძეს, ბ-ნ გიორგაძეს, ბ-ნ შარვაშიძეს, ბ-ნ დიდბერაშვილს და ბ-ნ ბერიკაშვილს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება;
1,800 ევრო (ათას რვაასი ევრო) თითოეულს, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, ამ თანხას დაეკისროს, ბ-ნ ხვადაგიანს და ბ-ნ ჩიკვილაძეს. ეს თანხა კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით. ეს არის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება".
მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებით ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის – მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეულის წარმომადგენელის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით.
მანამდე, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა:
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება. დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 26 პირის საქმეზე, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა".
ცნობისთვის: 2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
ამ ფაქტს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან. მაშინ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.