
„ჩაყლაპე ლუკმა-ლუკმა“ - გალის მოსახლეობა დაცლის საფრთხეზე საუბრობს
30/12/2019 10:49:12 კონფლიქტები
„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოსახლეობა ეთნიკურ ჯგუფებად - „აფხაზებად“ და „არააფხაზებად“ ჰყავს დაყოფილი, რაც პრივილეგიების იერარქიის შესაქმნელადაა გამოყენებული. თავად ეს დაყოფა ბევრ კითხვას აჩენს. ვინ არის „აფხაზი“ და ვინ არის „არააფხაზი“? რეალურად, „აფხაზი“ დღეს სოციალური ტერმინია და არა ეთნიკური. გალის რაიონში და ზოგადად აფხაზეთში მცხოვრები ქართველები არაპრივილეგირებულ ჯგუფებში მოიაზრებიან. მათ პრობლემებზე ბევრი დაწერილა და ბევრი გვსმენია. ვიცით, რომ მათთვის პრობლემაა ბინადრობის უფლების მოპოვება, უსაფრთხოება, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებები და ყოველდღიურ არსებობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხი. ისინი ვერ სარგებლობენ იმ საბაზისო უფლებებითაც კი, რომელთაც ნებისმიერი მოქალაქე უნდა ფლობდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და პოლიტიკური აქტიურობის უფლებებზე. მიუხედავად ამისა, ბევრმა ოჯახმა ამჯობინა, დარჩენილიყო აფხაზეთში და არ შეერთებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალრიცხოვან ნაკადს. რა საკვირველია, ეთნიკურად ქართველი და შერეული ოჯახების აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა. ერთის მხრივ, ეს ქმნის გარკვეულ რესურსს გაყოფილი საზოგადოების ორ მხარეს შორის ურთიერთობების დამყარებისთვის და სახალხო დიპლომატიისთვის. მეორეს მხრივ, არააფხაზი ეთნიკური ჯგუფების ცხოვრება პოლიტიკურად მომგებიანი უნდა იყოს აფხაზეთის დე ფაქტო მმართველობისთვისაც, რადგანაც ეს მათ უქმნით ლეგიტიმურობის ერთგვარ საბურველს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ ადამიანებზე და მათ გაუსაძლის ყოფაზე. ადამიანი და მისი ინტერესები კი უზენაესი უნდა იყოს თვით ყველაზე მწვავე პოლიტიკურ საკითხებსა და სახელმწიფო ინტერესზე საუბრისას“, - აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი გვანცა აბდალაძე აფხაზეთის ქართველებისგან შესაძლო დაცლის საფრთხეზე საუბრისას.
აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის გამოდევნის მცდელობას იგი რუსეთის პოლიტიკის ნაწილად განიხილავს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთზე საუბრისას სამი მხარის ინტერესი უნდა გამოვყოთ - საქართველოს სახელმწიფოს, აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი ელიტის და რუსეთის.
„საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია რეინტეგრაცია ნებისმიერი მოდელით (ფართო ავტონომიით, კვოტირებული სისტემით და ა.შ.); აფხაზეთის დე ფაქტო ელიტის - შეინარჩუნოს მმართველობა, რასაც ვერ მოახერხებს ერთის მხრივ, რუსული ლობის და მეორეს მხრივ „მუდმივი მტრის ხატის“ არსებობისა და ქართული მხარისგან მომდინარე „საშიშროების“ ხაზგასმის გარეშე; რუსეთის სახელმწიფოს ინტერესს კი აფხაზეთის სრული ანექსია წარმოადგენს. აფხაზებსაც კარგად ესმით, რომ რუსეთის ინტერესებში სულაც არ შედის აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ, „საერთაშორისოდ აღიარებული სოხუმი“ ნიშნავს სოხუმში მრავალრიცხოვან საერთაშორისო წარმომადგენლობებს, რაც სრულიად წარმოუდგენელია დღევანდელი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის. სხვათა შორის, ამგვარი სცენარი არც ამჟამად არსებულ ადგილობრივ ელიტებს მოუტანს სიკეთეს, - ისინი დაკარგავენ არაფორმალური მართვის „სიკეთეებს“ და მოუწევთ, ადგილი დაუთმონ ახალ პოლიტიკურ თუ ბიზნეს-ელიტებს, რომლებიც ადგილობრივი სულაც არ იქნება. რუსეთისთვის ყველაზე მომგებიანი სცენარია, აფხაზეთი დარჩეს არშემდგარ სახელმწიფოდ, ნელ-ნელა დაიცალოს მოსახლეობისგან და მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხი რუსული პოლიტიკის პირისპირ აღმოჩნდეს, რა ვითარებაშიც გადარჩენის არავითარი შანსი არ აქვს. გარდა ამისა, რუსეთს სჭირდება, მუდმივად გაუსვას ხაზი იქ მცხოვრები ხალხის «უუნარობას», «არაცივილურობას», კრიმინალის მაღალ დონეს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე, შექმნას არგუმენტი, რომ აუცილებელია, უკონტროლო ტერიტორიებს ჰყავდეს „პატრონი“. ქართული მოსახლეობის გამოდევნის სტრატეგიას სწორედ რუსული პოლიტიკის ამ კონტექსტში განვიხილავ. შესაბამისად, აფხაზეთის ქართველებისგან დაცლა არც საქართველოს ლეგიტიმურ ინტერესშია და არც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის. თუმცა ქართველებსა და აფხაზებს შორის ამჟამინდელი ურთიერთობა ორივე მხარეს უუნაროს გვხდის, საერთო ინტერესების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. „გათიშე და იბატონე“, „ჩაყლაპე ლუკმა-ლუკმა“ - ყველა იმპერიული პოლიტიკის ბანალური, თუმცა ეფექტური იარაღია - რომის იმპერიიდან დაწყებული დღემდე“, - აცხადებს ექსპერტი.
მისივე აზრით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ცალსახად მშვიდობიანი და სამართლებრივი უნდა იყოს, თუმცა აქტიური:
„აუცილებელია პრობლემის გააქტიურება საერთაშორისო ასპარეზზე და დაუღალავი მცდელობა, დავიცვათ საკუთარი ინტერესები მოკავშირეების, მეგობრებისა და საერთაშორისო სამართლის დახმარებით. რა საკვირველია, ამგვარი პოლიტიკის წარმოება რთულია, მოითხოვს დიდ მოთმინებასა და პროფესიონალიზმს, ასევე თანმიმდევრულობას და ნაკლებ ემოციას. არათანმიმდევრულობა და გრძელვადიანი სტრატეგიული აზროვნების არქონა სწორედ ის «აქილევსის ქუსლია», რომელიც ჩვენს პოლიტიკას არაეფექტურს ხდის და ლეგიტიმაციას უკარგავს ხშირად ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების თვალშიც. ასევე აუცილებლად მიმაჩნია ქართულ საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდა აფხაზეთის პრობლემებთან მიმართებაში. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, როგორია ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემები კედლის მიღმა დარჩენილი მოქალაქეებისთვის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ნებისმიერ ადამიანზე, კედლის აქეთ თუ იქით. ადამიანები ქმნიან სახელმწიფოს და არა სახელმწიფოები ადამიანებს“.
რატომ დაბრუნდნენ ომის შემდეგ, რა შეიძლება, გახდეს სახლების დატოვების მიზეზი და რამდენად რეალურია დაცლის საფრთხე? - ამ თემებზე „აქცენტი“ ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.
ნ.ბ: „ჩემი ოჯახი რომ დაბრუნდა, სკოლის მოსწავლე ვიყავი და რეალურად, საერთოდ არ მინდოდა სოფელში წამოსვლა. ბებიას და ბაბუას სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოედგინათ, ამიტომ დაუფიქრებლად ადგნენ და წამოვიდნენ. მაშინ არავის უფიქრია, ჩვენ, სკოლის მოსწავლეებს, შეგვეძლო თუ არა იქ კარგი განათლების მიღება. ერთადერთი საფიქრალი მშობლიური სახლი იყო და ჩემები საერთოდ არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ომი ახლაც მიმდინარეობს, ოღონდ იარაღის ნაცვლად ყველა სხვა ფორმით. საბუთები, ჩაგრვა, შეზღუდული უფლებები და ის, რაზეც თავის დროზე ჩემს უფროსებს არ უფიქრიათ - განათლება. როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, სხვამ გადაწყვიტა ჩემი ბედი, ახლა კი მე თვითონ უნდა ვიფიქრო ჩემს შვილებზე. ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე ვდგავარ. 22 წლის ძმა მყავს აქ დაკრძალული და ვერ წარმომიდგენია მისი საფლავის დატოვება, მეორეს მხრივ კი, შვილები მრჩება განათლების გარეშე. რაც უფრო იზღუდება ქართული სწავლება, განათლების ხარისხიც მცირდება. ჯერ-ჯერობით ხავსს ვეჭიდებით, მაგრამ საბოლოოდ არჩევანის გაკეთება ალბათ, შვილებზე მომიწევს. არ მაქვს უფლება, მათი მომავალი დავანგრიო. მაქსიმუმ, ერთი წელიწადი და ალბათ, აქაურობას ჩვენი სახით 5-სულიანი ოჯახი დატოვებს“.
ნ.ბ: ჩვენ უკვე არ ვცხოვრობთ გალში. მიზეზი კრიმინალური მდგომარეობაა. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ჯერ კიდევ ხერხდებოდა ქართულად კარგი განათლების მიღება, ამიტომ ეს არ ყოფილა სახლის დატოვების მიზეზი. ჩვენც, როგორც სოფლის მაცხოვრებელთა უმეტესობა, უბრალოდ საკუთარ სახლებში დავბრუნდით. ოჯახი ამუშავებდა მიწას, გვქონდა ბარაქიანი მოსავალი, სახლიც არ იყო დამწვარი და ამიტომაც დავბრუნდით. თუმცა მუდმივმა დაყაჩაღებამ და მიღებულმა სტრესმა აქ ცხოვრების გაგრძელების საშუალება არ მოგვცა. ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ბავშვების ფსიქიკა ნადგურდებოდა, რის გამოც მშობლებმა ასე გადაწყვიტეს. ახლა ენგურს გამოღმა ვცხოვრობთ და დაბრუნება ამ ეტაპზე არ განიხილება. მამა ხანდახან ჩადის ხოლმე“.
მ.ბ. „დავბრუნდით იმიტომ, რომ ჩვენი სახლი, მიწა აქაა. ასე დაბრუნდა აქ ყველა. ვისაც სახლი დაუწვეს, თავიდან ააშენა. სახლის დაწვით აქაურებს ვერ შეაშინებთ, მაგრამ ახლა რაც ხდება, შეიძლება, აქედან წასვლის მიზეზი გახდეს. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სხვა მიზეზით, აქედან წასვლაზე ვიფიქრებდი. სულ მეგონა, რომ თუ ისევ ომი იქნებოდა, მხოლოდ მაშინ წავიდოდი. 2008-შიც ველოდით, რომ იძულებულები გავხდებოდით, წავსულიყავით, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა კი იძულებულები ვხდებით. თუ ქართული სწავლა არ იქნება, სკოლები დაიხურება და ყველა, ვისაც ბავშვი ჰყავს, იძულებული გახდება, წავიდეს აქედან. ბევრი უკვე წავიდა. თუ საბუთებს არ მოგვცემენ და გადაადგილების უფლება არ გვექნება, შვილებსა და შვილიშვილებს ვერ ვნახავ. სოფელი თუ დაიცალა, ოჯახის წევრები თუ ვერასდროს ვნახე, მგელი ხომ არ ვარ, ცარიელ სოფელში მარტომ ვიცხოვრო?! ავდგები და მეც წავალ».
დ.გ. «შვილო, მე აქ დავიბადე, გავიზარდე და აქ უნდა მოვკვდე. შვილები თუ ვერ გაჩერდებიან, გავუშვებ, მაგრამ ჩემი მიწა აქაა. თუ ისევ ომი იქნება, არავინ დამტოვებს და მეც წავალ, მაგრამ სხვა მიზეზით აქაურობას არ მივატოვებ».
ლ.ს. «ჩემი მეუღლე პოლონეთშია სამუშაოდ წასული, თხილის მოსავალი რომ გაფუჭდა, ახალგაზრდების უმეტესობამ ეს გდაწყვეტილება მიიღო და ახლა სოფელში მამაკაცის პოვნა გაგიჭირდებათ. ჩემი შვილი ჯერ სკოლის ასაკის არაა, მაგრამ როცა გახდება, აქედან წავალთ. აქ ქართულად სწავლა რამდენიმე წელში უკვე შეუძლებელი იქნება. აქამდე საბუთები იყო პრობლემა. თითქმის მთელი წელი ველოდე საბუთს და ამ ხნის მანძილზე ბავშვიც ვერ მიმყავდა ნორმალურ ექიმთან, რადგან „საზღვარზე“ გადასვლის უფლება არ მქონდა. ღვთის წყალობით, სიცხეს თუ მისცემდა, ისიც სულ ორ-სამჯერ ჰქონდა. უფრო სერიოზული პრობლემა რომ გაჩენილიყო, იძულებული გავხდებოდი, ადგილობრივი ექიმისთვის მიგვემართა. შეიძლება, ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რაშია პრობლემა, მაგრამ აქ სისხლის ანალიზს ვერ აიღებ, რენდგენს ვერ გადაიღებ. უფრო სწორად, ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ვერ ენდობი. სანამ ბავშვი პატარაა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რაიმე თანხას მოვუყაროთ მე და ჩემმა მეუღლემ თავი, რომ წასვლის მერე ახალი ცხოვრების დაწყება შევძლოთ».
მოსახლეობისგან დაცლის მიზეზები
სამხედრო ბაზები
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის შევიწროება დაიწყო. პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსულმა მმართველობამ გადადგა, გალის რაონში რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა იყო, რასაც გადაადგილების შეზღუდვა მოჰყვა. მავთულხლართები, გამშვები პუნქტები, მასობრივი დაკავებები... დაჯარიმებები... დაპირებისამებრ, გალი სამხედრო ქალაქად იქცა, საბოლოოდ კი ყველა გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, გარდა ერთისა - ამჟამად მხოლოდ ერთი, ენგურის ცენტრალური ხიდი ფუნქციონირებს.
პასპორტიზაცია
გადაადგილების შეზღუდვას პასპორტიზაცია მოჰყვა, რომელიც მალევე დასრულდა თავად აფხაზი მაღალჩინოსნების პროტესტის შედეგად. დე ფაქტო პარლამენტმა გააპროტესტა ქართველებისთვის ისეთივე უფლებების მინიჭება, როგორიც აფხაზებს ჰქონდათ. პასპორტიზაციის იდეა იდეად დარჩა და ვინც მოასწრო მისი აღება, სარგებლობა მხოლოდ 2018 წლის ბოლომდე შეძლო. დანარჩენებმა 2008 წლიდან დღემდე უამრავი სხვადასხვა საბუთი გამოიცვალეს. იყო ე.წ. ფორმა ნომერი ცხრა და ე.წ. წითელი (საბჭოთა) პასპორტი, რომელიც უკვე აღარ მოქმედებს. მოქმედ საბუთად ამ ეტაპზე ქართველებისთვის ე.წ. ბინადრობის უფლება რჩება, რომელიც ქართველებს მხოლოდ „საზღვარზე“ გადაადგილების უფლებას აძლევს, სხვა მხრივ კი გალის ქართველი მოსახლეობა ყველანაირად უფლებაშეზღუდულია; არ აქვს სახლის შეძენის, არჩევნებში მონაწილეობის თუ სხვა უფლებები.
ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნული საბუთიც დროებითია და აფხაზური მხარე ახლა კიდევ რამე ახალს მოიგონებს, რათა ფულის შოვნის ახალი გზა გამოძებნოს.
ცნობისთვის, ბინადრობის საბუთის აღება ადგილობრივ ქართველებს 500 ლარამდე უჯდებათ. ცალკე პრობლემის წინაშე დგას პენსიონერების თაობა, რომელიც დღემდე ე.წ. წითელი პასპორტით გადაადგილდებოდა, დღეს კი არანაირი საბუთი არ გააჩნია და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემების) ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას ვერ მოახერხებს. აღნიშნული საბუთის არქონის გამო რუსმა მესაზღვრეებმა მიცვალებული ე.წ. საზღვარზე 6 საათი გააჩერეს.
ჯანდაცვა
ჯანდაცვის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივი ჯანდაცვა აფხაზეთის ტერიტორიაზე ელემენტარული, პირველადი დახმარების გაწევის დონეზეც კი არ არის განვითარებული. ჩვენთვის ცნობილია ადგილზე დაშვებული არაერთი შეცდომის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ქალბატონი, რომელიც ყბა-სახის დაზიანებით მიიყვანეს გალის საავადმყოფოში, რენდგენის გადაღების შემდეგ ექიმმა უთხრა, მოტეხილობა არ გაქვსო, ქუთაისში გადამოწმების შემდეგ კი ყბა-სახის არეში 6 მოტეხილობა დაფიქსირდა.
მძიმე მდგომარეობაა მშობიარობის მხრივაც: შესაბამისი ინვენტარისა და პროფესიონალი კადრების არარსებობის გამო ხშირად ფატალური შედეგი დგება.
ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კადრების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა.
ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ უფასო ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზებისთვის მოქმედებს. ისინი სრულიად უფასოდ იღებენ ყოველგვარ სამედიცინო დახმარებას. აღნიშნული ერთის მხრივ, დადებითად მოქმედებს აფხაზ საზოგადოებაში კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თუმცა უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ ქართველებზე: ისინი თვლიან, რომ ზუსტად ისეთივე მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ამიტომ უფასო ჯანდაცვის პროგრამა მათზეც უნდა ვრცელდებოდეს.
ეკონომიკური კრიზისი
ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ამ ეტაპზე ადგილზე არსებული ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. თუ აქამდე სამუშაო ადგილების არარსებობა იყო მთავარი პრობლემა, დღეს აღნიშნულს სოფლის მეურნეობის კუთხის მოსავლის განადგურებაც დაემატა. ფაროსანას შემოტევას შემოსავლის მთავარი წყაროს - თხილის მოსავლის განადგურება მოჰყვა, ასევე განადგურდა სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
ახალგაზრდების გადინება
ეკონომიკურმა კრიზისმა ახალი პრობლემა, ახალგაზრდების გადინება გამოიწვია. ოჯახების სარჩენად ადგილობრივი მოსახლეობა საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს, რადგან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაო ადგილებს ვერ პოულობს. ცალკე პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. ოჯახების უმეტესობა ამ ეტაპზე უფროსის გარეშეა დარჩენილი.
საცხოვრებელი ფართით დაუკმაყოფილებლობა
ადგილობრივების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა, რადგან ადგილზე ცხოვრება დღითიდღე რთულდება. დღეის მდგომარეობით, სამინისტრო გალში მცხოვრებ მოსახლეობას ბინით არ აკმაყოფილებს.
სკოლა და ქართული სწავლება
მოსახლეობისგან დაცლის საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია სკოლა.
გალის რაიონში სკოლების არსებობას ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ქართველობის შემანარჩუნებელ ერთ-ერთ კერას. ამიტომაც სწორედ სკოლაზე დაიწყო ცალკე დარტყმა, რაც მათ დახურვასა და ქართული სწავლების აკრძალვაში გამოიხატა. ამას ემატება ქართული ენის სრულად ამოღების მუქარა და გაორმაგებული შეტევები ქართულ სწავლებაზე და სკოლებზე.