
ლატვიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომუნიკაციის უზრუნველყოფად აღჭურვილობა გადასცა
07/05/2024 17:30:15 მსოფლიო
ლატვიამ, IT კოალიციის ფარგლებში, უკრაინას 100 ათასი ევროს ღირებულების საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ეს ტექნიკა ხელს შეუწყობს ბრიგადების კომუნიკაციას ტაქტიკურ დონეზე.
„პარტნიორების წყალობით ვაგრძელებთ ჩვენი ქვედანაყოფების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ტაქტიკურ დონეზე. ტექნიკის ახალი პარტია ხელს შეუწყობს კომუნიკაციების დამყარებას ფრონტის ხაზზე“, - თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ციფრული ტრანსფორმაციების, ციფრული განვითარებისა და დიგიტალიზაციის საკითხებში ეკატერინა ჩერნოგორენკომ.
მანამდე ლატვიამ შესწირა ლეპტოპები IT კოალიციის ფარგლებში ლოგისტიკური პროცესების მოდერნიზაციისა და SAP-ზე დაფუძნებული სისტემის განსახორციელებლად.
IT კოალიცია არის სახელმწიფოთა სპეციალური ჯგუფი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობენ ესტონეთი და ლუქსემბურგი. მისი მიზანია უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა IT, კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში.