
აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუს ჰაკერს და მის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს
08/05/2024 05:52:18 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში 26-პუნქტიანი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის მოქალაქეს, 31 წლის დმიტრი ხოროშევს, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი გამომძიებლების ინფორმაციით, ინტერნეტ-გამომძალველთა დაჯგუფების, LockBit-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. 7 მაისს ნიუ-ჯერსის საოლქო სასამართლომ ვორონეჟელ ხოროშევს თაღლითობისა და გამოძალვისთვის ბრალი წაუყენა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ხოროშევის დაკავებას. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ დმიტრი ხოროშევის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს.
ხოროშევი ცნობილია სახელებით LockBitSupp, LockBit და putinkrab. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დმიტრი ხოროშევის მიერ 2019 წელს შექმნილმა LockBit-მა თაღლითური პროგრამების მეშვეობით შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში 2000-ზე მეტ ადამიანს გამოსძალა 100 მილიონ დოლარზე მეტი.
2024 წლის თებერვალში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ LockBit-ის ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანეს და დაადგინეს ჰაკერთა დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირის ვინაობა. მალევე LockBit-მა გამოაცხადა, რომ თავისი სერვერების მუშაობა აღადგინა.