"ერის მტრები", "აგენტურა" – სიძულვილის კამპანიის ახალი ფაზა დაიწყო

09-05-2024 13:25:14 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

"ერის მტრები", "ფულზე გაყიდულები", "აგენტურა", "ბოლშევიკები", – სიძულვილის ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, რომლის სამიზნეც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არიან, თბილისში წარწერები და პოსტერები გაჩნდა.

მსგავსი შინაარსის პოსტერები დახვდათ, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი ოფისების კედლებზე, წარწერები – სახლთან, მანქანაზე.

აღნიშნულს წინ უძღოდა "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებთან უცხო ნომრებიდან მასობრივად რეკვის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხოფის კამპანია, დაფიქსირდა ფიზიკური თავდასხმების ფაქტები.

9 მაისის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ.

"8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყანად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა - ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი" - ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ისინი კვლავ ხაზს უსვამენ, რომ მზად არიან ყველა დაზარალებულს გაუწიონ სამართლებრივი დახმარება და გააგრძელონ ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები