შვილმოკლული მამის კარვის ნაცვლად ატრაქციონი დადგეს
30/12/2019 23:35:21 საზოგადოება
პარლამენტთან, საპროტესტო კარვების ადგილას საბავშვო ატრაქციონი აქტივისტების წინააღმდეგობის ფონზე დადგეს. კარვების წმენდაში მოაყოლეს შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც. ადგილზე რჩებიან პოლიტიკოსები, აქტივისტები და პოლიცია.
"გუშინ ჩიტაძის ქუჩით ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და შევიდა მოსწავლეთა სასახლეში, სადაც თაყაიშვილად აღიარება მოსთხოვა საკუთარ მინისტრს. რომ გამოვიდა, დაინახა კარვები და ამ სისულელის გაკეთება მოსთხოვა კალაძეს. ეს დადასტურებული ინფორმაციაა. რა შუაშია ეს ატრაქციონი ახალ წელთან? ბათუმია, თუ გონიო",– განაცხადა ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ.
"სირცხვილიას" ერთ–ერთი ხელმძღვანელის შოთა დიღმელაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
"მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ კარავს აუცილებლად დადგამს და ჩვენც მივეხმარებით",– აღნიშნა მან.
მერიამ პარლამენტიდან კარვები რამდენიმე საათის წინ ნაგვის მანქანებით გაიტანა. ადგილზე სამოქალაქო და ოპოზიციის აქტივისტები მივიდნენ. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა.


