
ბლოგერი უჩა აბაშიძე დაკავებულია
09/05/2024 18:51:59 სამართალი, საზოგადოება
ბლოგერი უჩა აბაშიძე დაკავებულია.
"როგორც პოლიციელებმა თქვეს, დაკავებულია სსკ–ის 236–ე მუხლით, რაც გულისხმობს იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვას",– თქვა ადვოკატმა.
ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ აბაშიძეს დაცვის უფლება უკვე დარღვეული აქვს:
"სამი წუთი მოგვეცა, რომ გავსაუბებოდით. მასთან სხვა საუბარი არ ყოფილა. ახლა მივდივართ საგამოძიებო დანაყოფში და მას გავესაუბებით მშვიდად. უკვე დაკავებული ადამიანი გამოჰყავდათ სახლიდან, ჩამოჰყავდათ კიბეზე, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. უჩა აბაშიძეს დაცვის უფება უკვე დარღვეული აქვს. დანარჩენს ვნახავთ. ",– თქვა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
აბაშიძე ტერიტორიიდან უკვე გადაყვანილია. დემონსტრანტები სკანდირებდნენ პოლიციის მისამართით, "მონებო!", ამხნევებდნენ ბლოგერს, "უჩა, გამაგრდი".
ამ დროისთვის აბაშიძის ქუჩა გადაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძის სახლში დაახლოებით ორი საათის წინ შევიდა პოლიცია. აღნიშნულის შესახებ ოჯახმა მეზობლებისგან შეიტყო, თავად აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც ადვოკატი მივიდა აბაშიძის სახლთან, არ მისცეს დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლის შესაძლებლობა. ადვოკატი შევიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდა საგამოძიებო ღონისძიებები და დალუქული ჩანთა გაიტანეს შენობიდან.