
აბაშიძის ადვოკატი: მხოლოდ ორი იყო ცეცხლსასროლი იარაღი და ორივე გაფორმებული
10/05/2024 08:19:46 სამართალი, საზოგადოება
ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატები ამბობენ, რომ დაცვის ქვეშ მყოფი გამთენიისას მოინახულეს დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, თუმცა დამოუკიდებლად გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
„შსს მოქმედებდა კანონს მიღმა – უჩა გაიტაცეს საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ძალით აიყვანეს სახლში... საღამოს 10 საათამდე იმეორებდა, რომ სურდა ადვოკატი. არც ერთხელ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა. მასთან არ მოგეცა დამოუკიდებლად გასაუბრების შესაძლებლობა – ცენტრანურ კრიმინალურ პოლიციაში ამბობდნენ, რომ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მოწყობა, ცალკე ოთახი და რომ უფროსის ოთახში მარტოდ ვერ დაგვტოვებენ“,– იხსენებს ადვოკატი.
რაც შეეხება ჩხრეკის პროცესს, ადვოკატების თქმით, მას არც ბლოგერი დაასწრეს. ადვოკატი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდა ბინაში შესვლას, თუმცა უშედეგოდ. ის დაცვის ქვეშ მყოფთან მხოლოდ ჩხრეკის დასრულების და ბლოგერის დაკავების შემდეგ შეუშვეს.
„ის არ ესწრებოდა თავის ჩხრეკას. პოლიციის თანამშრომლები სხვადასხვა ოთახში მოძრაობდნებ , გადაადგილდებოდნენ მის გარეშე. არც ერთი მოწმე არ დასწრებია მის ჩხრეკას“,– თქვა ადვოკატმა.
რაც შეეხება ამოღებულ იარაღს, რომლის შესახებაც იტყობინება შსს და რომელთა უკანონო შეძენა–შენახვასაც ედავებიან ბლოგერს, ადვოკატი ამბობს, რომ მხოლოდ ორია ცეცხლსასროლი და ორივე გაფორმებული.
„უჩას განმარტებით, ყველა იარაღიდან, რომელიც მას სახლში ჰყონდა, ორი იყო ცეცხლსასროლი და ორივე გაფორმებული. დანარჩენი სათამაშო იარაღებია.
თვითონ ამბობს, რომ ეს [დაკავება]არის მის აქტიურობაზე პასუხი სახლმწიფოსგან“,– დასძენს ადვოკატი.
შეგახსენებთ, ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე მის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რა დროსაც მას ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს. არც ადგილზე მისულ ადვოკატს მისცეს საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა. მათ შორის კომუნიკაცია მხოლოდ დაკავების შემდეგ შედგა.
მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების (შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის) ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ხოლო ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
აბაშიძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შსს–მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც მათი ცნობით, ჩანს ამოღებული იარაღი.
სპეციალისტების სეფასებით, მათგან რეალურად ორია ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო დანარჩენი ტაქტიკური თამაში Airsoft-ისთვის განკუთვნილი სათამაშო შაშხანებია. ასევე ჩანს ამავე თამაშისთვის განკუთვნილი პატარა თეთრი ბურთის ფორმის ტყვიები. ბლოგერი უჩა აბაშიძის ერთ-ერთი ჰობი სწორედ ეს ტაქტიკური თამაშია.
მოგვიანებით უჩა აბაშიძის დედამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ ნაჩვენები იარაღებიდან, მხოლოდ ორია რეალური ცეცხლსასროლი იარაღი და ორივე უჩა აბაშიძის სახელზე იყო რეგისტრირებული:
"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული."