
Human Rights Watch: პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე
10/05/2024 09:59:57 საზოგადოება
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც „გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად", ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება“.
„კანონპროექტი არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით. საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს კანონპროექტი დიდად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში“, – აღნიშნავს HRW.
ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ჰიუ უილიამსონის თქმით, „უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი თელავს ფუნდამენტურ უფლებებს და საქართველოს ხელისუფლებამ ის უნდა გაიწვიოს". რაც შეეხება „გამჭვირვალობის“ არგუმენტს, ჰიუ უილიამსონმა შემდეგი განაცხადა:
„საქართველოს პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალურად იცავენ კანონპროექტს იმ მხრივ, რომ ის უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას, მაგრამ ისინი არ ფარავენ ამ კანონპროექტით განზრახულ მიზანს. დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიის უცხოური ინტერესების მსახურებად გამოცხადებით, ისინი მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე - კრიტიკული ხმების მარგინალიზაციასა და ჩახშობას“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონპროექტი არის რუსეთის „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი.