
შსს – ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის ცემაზე: სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში, რასაც მოჰყვა დაპირისპირება
11/05/2024 07:44:19 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე. საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
მიუხედავად იმის რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება. საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო:
- "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად".