![პრეზიდენტი: "ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ სერიოზულები, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო [აქციაზე]"](https://accentnews.ge/storage/files/9_fgROREq.jpg)
პრეზიდენტი: "ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ სერიოზულები, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო [აქციაზე]"
12/05/2024 14:27:22 ციტატა
"გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს "რუსულ კანონს". ეს არის და ეს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი დათვლა, თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსების, ვითომ სერიოზულების, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს", – ამს შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის: გუშინ ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.
13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.