
ნინო ლომჯარია: ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა
13/05/2024 02:48:04 ციტატა
"აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში. ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა", – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს აიძულა, დაეტოვებინა ჩიტაძის ქუჩა. ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან შემაღლებული ადგილები დაატოვებინეს. მათივე თქმით, პერიოდულად ახშობენ სიგნალს.
ამასთან, ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, პოლიციამ გაიტაცა ტელეარხის დრონი, რომელიც ადგილზე მიმდინარე მოვლენებს იღებდა.
როგორც "ფორმულას" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს და მისი თქმით, აღნიშნულის გადაღების საშუალება მედიას არ მისცეს.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისს, 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი არის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.