
შსს–ს ინფორმაციით, პარლამენტთან 20 დემონსტრანტი დააკავეს
13/05/2024 06:02:17 საზოგადოება
პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა,– ამის შესახებ შსს იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის თაუმორჩილებლობისთვის.დაკავებულთა შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი – რუსეთის.
შსს– განცხადებით, „აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა“.
„12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.
მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული.
დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.
აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულთა შესახებ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტში იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ. სხდომა დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა. სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრო ოპოზიციამ.
უფრო ადრე პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც ავტომანქანებით შევიდნენ პარლამენტის ეზოში, უწევდათ შეძახილების მოსმენა, "მონებო!".
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.