
სტუდენტების პროტესტს ბათუმიდან და ქუთაისიდანაც შეუერთდნენ
13/05/2024 07:16:33 საზოგადოება
გაფიცვას სტუდენტები ბათუმიდან და ქუთაისიდანაც შეუერთდნენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ არ დაესწრებიან ლექციებს, ვიდრე „აგენტების კანონს“ არ გაიწვევენ პარლამენტიდან.
"პირველ რიგში ვიტყვი, არა რუსულ კანონს, დადგა დრო და ჟამი გაიგოს ხალხმა რა აზრზე არიან წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები, დაწყებული პირველი კურსიდან დამთავრებული იმდენ კურსამდე რომელზეც არიან ისინი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ უკან არ გაიწვევენ რუსულ კანონს და იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვეზარება აქ დგომა, არც დავიღლებით“,– თქვა აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვაო აკადემიის და ბსუ-ს სტუდენტებმა გააპროტესტეს „აგენტების კანონი“.
სასწავლებლის დერეფნებში ისმოდა შეძახილები „გამოდით, ლექტორებო დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით”.
შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ და სასწავლებელში გამოცხადებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, სოლიდარობის მიზნით, ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან აქცია-მსვლელობით მიემართებიან და აღნიშნულ ფაქტს გააპროტესტებენ.
“ბათუმის აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერენ თუ არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში, ასევე სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს. ამიტომ მივემართებით ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან”, - განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.