Accentnews.ge
ომბუდსმენი: გამოძიებამ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ არასათანადო ქმედებების მოტივი

ომბუდსმენი: გამოძიებამ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ არასათანადო ქმედებების მოტივი

13/05/2024 12:44:32 სამართალი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ "ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები".

მისი თქმით, გამოძიებამ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვონ არასათანადო ქმედებების მოტივი.

"გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დამატებითი ინფორმაცია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედია საშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, რაზეც მედიით საჯაროდ გახდა ცნობილი.

სახალხო დამცველის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავასა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაულის, ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე;

ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით.

აქვე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას",– ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S