Accentnews.ge
ადვოკატი: 160-მდე შეტყობინებაა შემოსული, აქციაზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია

ადვოკატი: 160-მდე შეტყობინებაა შემოსული, აქციაზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია

13/05/2024 13:10:51 საზოგადოება

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია.

მისი თქმით, ადვოკატთა ქსელში დაახლოებით 160 შეტყობინებაა შესული.

"ადვოკატთა ქსელში შემოსული არის დაახლოებით 160 შეტყობინება და ჩვენ ყველა მათგანთან შეხვედრა და კომუნიკაცია უკვე მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან დღეს დილით დაკავებულები. აბსოლუტური უმრავლესობა არის ნაცემი და ჩვენ ბოლო დღეებია ვხედავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ნადირობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც არა რომელიმე უცხო ძალის, არამედ კარგად ნაცნობი ოკუპანტის გავლენების გასაპროტესტებლად არიან განგრძობად რეჟიმში ქუჩებში გამოსული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ნაცემები, არიან ძალიან მხნედ და გული მხოლოდ იმაზე სწყდებათ, რომ ახლა ჩვენ გვერდით არ დგანან. მე მინდა მივმართო მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, რომლებიც ნერვიულობენ დაკავებულებთან დაკავშირებით. მინდა იცოდეთ, რომ პროცედურულად ჩვენს კომუნიკაციას გარკვეული საათები სჭირდება. თუმცა, როგორც გითხარით შეგიძლიათ კვლავ დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე და ჩვენ ყველა მათგანს აუცილებლად შევხვდებით და ოჯახს ვაცნობებთ მათი მდგომარეობის შესახებ.ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკვე კვირებია გავიდა კონსტიტუციური რეჟიმიდან. ჩვენ, ადვოკატები, მზად ვართ, ისინი დავაბრუნოთ სამართლებრივ რეჟიმში და თითოეულ ძალადობას, თითოეულ უკანონობას და მიზანმიმართულ ანგარიშსწორებას, აი, ამ გულანთებული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, აუცილებლად დაერქმევა სამართლებრივი სახელი", - ამბობს პატარიძე "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S