მოსკოვმა თბილისს „სკამის“ არჩევა მოსთხოვა?

13-05-2024 20:08:58 ინტერვიუ

თითქმის ერთი თვეა, ქვეყანაში უწყვეტად გრძელდება მასშტაბური პროტესტი, რომელიც დიდი ხანია, გასცდა კონკრეტული კანონის ირგვლივ მღელვარებას. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, მხოლოდ შიდა მოხმარების „კეთილშობილურ“ ინსტრუმენტად შეეთავაზებინა „აგენტების კანონი“ საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან (რასაც დემონსტრანტთა რიცხოვნობა და მკაფიო პოზიციონირება ადასტურებს) ის სწორედ რომ ფართო სურათში იქნა დანახული და ამგვარივე სლოგანი შეიძინა პროტესტმა – „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“.

როგორია „აგენტების კანონის საგარეო პოლიტიკური კონტექსტი?

„ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე გვახსენებს უკრაინაში მიმდინარე ომს, საგარეო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის გააქტიურებას და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების რეალიზების მცდელობას. ამ თვალსაზრისით ის ყურადღებას ამახვილებს მაგალითად, მოლდოვაში პრორუსული ძალების აღზევებაზე, ევროპაში პრორუსული მთავრობების აქტიურ მხარდაჭერას, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით აგორებულ საპროტესტო ტალღას აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის გამო.

„მთელი ტალღაა რუსეთის აქტივობების“,– ამბობს ანთაძე „აქცენტთან“ და აქვე პერიოდულად ქართული საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ მინიშნებებსა თუ პროპაგანდისტული გზავნილების გაჟღერებაზე ამახვილებს ყურადღებას: ეს ეხება „პირდაპირი დიალოგის დაწყებას რუსეთთან, რომ თითქოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დაიძრას ადგილიდან ჩინეთის ჩართულობით, ან კონფედერაციული სახელმწიფოს მოწყობით“; „დასავლეთი ჩანაცვლდეს მედიატორულ ფორმატებში სხვა ძალებით“:

„შეიძლება, შეიქმნას ილუზორული სურათი – იყოს მცირე პროგრესი, მაგალითად, რკინიგზის აღდგენა (რაც რეალურად რუსეთის ინტერესებშია)ეს პროპაგანდამ ეფექტურად გამოიყენოს და ადამიანებში გააჩინოს მსუყე განცდა, თითქოს რეალური საქმე კეთდება და მივდივართ აქეთკენ [ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ – რედ.], სინამდვილეში კი პროცესების ძირეული გადაწყვეტა შორეულ პერსპექტივად რჩება. მსგავსი რისკები კარგად უნდა იქნეს გააზრებული. მეორეც, თუ საერთაშორისო სისტემაში ალიანსების და კავშირების გარეშე დავრჩებით, ნებისმიერი დიდი რისკებისა და გამოწვევების წინაშე ასევე ვიქნებით მარტო და ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს!“.

ზოგადი კონტექსტის აღწერისას ანთაძე იხსენებს „აგენტების კანონის“, „რომელიც ძალაუფლების კონსოლიდაციის სერიოზულ წინაპირობებს ქმნის და საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით, გრძელვადიან პერსპექტივაში“ თითქმის ერთდროულად ინიციირებას, რაც სულაც არ ტოვებს შემთხვევითობის შთაბეჭდილებას. საუბარია სლოვაკეთსა და ყირგიზეთზე, სადაც პრორუსულად შეფასებული ძალები არიან წარმოდგენილნი. ძლიერია ჩინური გავლენაც:

„იგრძნობა გავლენა ქართულ პოლიტიკაში გარკვეული ძალების და ეს შეიძლება, საერთო რუსულ–ჩინური გავლენაც კი იყოს. ვფიქრობ, მომავალში განვითარებული მოვლენები ამას ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს, მათ შორის, წინასაარჩევნო რიტორიკის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეს მხოლოდ სცენარია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაღალი ალბათობის“.

და თუ ერევანშიც, მიმდინარე პროტესტის ფონზე ფაშინიანის ხელისუფლება შეიცვლება, ანთაძის ხედვით, ეს პირდაპირი დარტყმა იქნება სომხეთის პერსპექტივებზე, რეალურად დაუახლოვდეს დასავლეთს და დაალაგოს ურთიერთობები თურქეთთან, „რასაც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სომხეთში არსებული პრორუსული ძალიან ძლიერი კლანი“.

„ამდენად, საერთო ტენდენციები იკვეთება“,– ამბობს ანთაძე.

ამასთან, იხსენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა შესახებაც ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, მათ შორის, უარი აშშ–სთან სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე ნატო–ს სამიტის წინ, ინტენსიური ანტიდასავლური რიტორიკა, ცვლილებები სხვადასხვა კანონმდებლობაში, მათ შორის, ოფშორების თაობაზე, ეროვნული ბანკის მიერ ოქროს რეზერვების შეძენა.

„ჯამში ეს ყველაფერი გიქმნის განწყობას, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებებისთვის ემზადება მმართველი ძალა“,– აჯამებს ანთაძე.

აქვე ანთაძე შეგვახსენებს, რომ გლობალური მასშტაბით ყალიბდება ორი ცენტრი – ცივილური სამყარო და ავტორიტარული რეჟიმების ალიანსი რუსეთის, ირანის, ჩინეთის სახით, რომლებიც პარტნიორობენ საერთაშორისო არენაზე მთელი რიგი საკითხების ირგვლივ, ხოლო ქვეყნები ჯგუფდებიან ამ ცენტრების გარშემო:

„ფაქტია, ეს პროცესი ბოლო წლებია, მიმდინარეობს და გაგრძელდება ბევრ სფეროში“.

„ორ სკამის“ პოლიტიკის დასასრული?

კომენტატორთა ნაწილი მარტის ბოლოს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პირველად მოპოვებული საგზურით განცდილი (გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას“ საყოველთაო ზეიმის და ერთიანობის განცდის ფონზე (რაც დიდი ხანია, უიშვიათესი მოვლენაა ქართული რეალობისთვის), შემთხვევითად არ მიიჩნევს დაძაბულობის ამ მასშტაბის ერთის მხრივ, მოულოდნელად, მეორეს მხრივ – ხელოვნურად შემოტანას, რომელმაც საზოგადოების აბსოლუტურად ყველა სოციალურ–ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა. მათი ხედვით, თბილისს მოსკოვიდან „ერთი სკამის“ (ამგვარად ფასდება „ქართული ოცნების ბოლო წლების საგარეო პოლიტიკა) არჩევა მოსთხოვეს.

ანთაძის ხედვით, დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი დემარშით შესაძლოა, ერთგვარ „გამოვაჭრებასთან“ გვქონდეს საქმე.

„ეს შეილება იყოს ბიძინა ივანიშვილის აქტივების ირგვლივ ვაჭრობის თემა“.

თუმცა, აქვს სხვა ვერსიაც:

„ვფიქრობ, რომ მთელი ამ შექმნილი ვითარების გამო ხდება გადახრა უფრო, როგორც თავად უწოდებენ, „სუვერენული“ საგარეო პოლიტიკისაკენ“.

ანთაძე აღიარებს, რომ საქართველოს კონტექსტში ეს ერთი „სკამის“ არჩევას ნიშნავს:

„დროთა განმავლობაში უფრო ცხადი გახდება ყველაფერი“.

ანთაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ ევროპასა და აშშ–ში დაგეგმილ არჩევნებზეც ამყარებდეს იმედებს, რომ „აქტორები შეიცვლებიან და შემდეგ გადატვირთვა მოხდება ურთიერთობების“, მაგრამ „ეს არ არის მარტივი – ურთიერთობები შენდება წლების განმავლობაში, ხოლო მისი გაფუჭება ძალიან ადვილია“.

„პროცესიარ უნდა დამარცხდეს“

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტის პოლიტიკურ განწყობებში თარგმნა მოხდეს და ადეკვატურად აისახოს არჩევნებში, მოხდეს გაყალბებისგან და ჩარევისგან მაქსიმალურად დაცვა და ქვეყანაში, თუ ხელისუფლების (ყველაზე უარეს შემთხვევაში) ცვლილება არ მოხდება, მნიშვნელოვნად იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პროდასავლურ კურსს ატარებენ და ამასთან, არ მისცემენ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შესაძლებლობას „ქართულ ოცნებას“,– ამბობს ანთაძე.

ის სამოქალაქო პროტესტის ხასიათზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ სამოქალაქო საზოგადოების ტრანსფორმაციას და ეს პროცესები ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კარგად დამთავრდება, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დასაწყისიც გახდეს – ამგვარი პროცესების შემდეგ პოლიტიკაც სხვაგვარი გახდება.

ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ. ახლა მიმდინარეობს საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის დასრულება და იბადება თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოება და ვიმეორებ, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ეს პროცესები. ის არ უნდა დამარცხდეს!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები