
საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" მიიღო
14/05/2024 11:51:06 პოლიტიკა
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კენჭისყრა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
"არა რუსულ კანონს" – სკანდირებდნენ დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“ მიმდინარეობს.
პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს 10 დღის ვადაში პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის კანონპროექტს. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ან ვეტო დაადოს მას. კონსტიტუციით დადგენილი არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი დღეს მაიც მიიღო.