კობახიძემ პარლამეტთან აქციაზე მისული ევროპელი პოლიტკოსები "კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ" მოქმედებაში დაადანაშაულა
14/05/2024 17:50:13 პოლიტიკა
"ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – ასე გამოეხმაურა საქრთველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლის ფაქტს.
მან ევროპელი პოლიტკოსები "კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ" მოქმედებაში დაადანაშაულა.
„როდესაც სცენაზე გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ რუსული კანონით - ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, რაც, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე რა თქმა უნდა, საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რა უთხრეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა მომიტინგეებს
ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები ცოტა ხნის წინ აქციაზე მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
- "თბილისი დღეს ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია" - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა.
- "ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი აქ იდგა 2008 წელს და ახლა აქ ვდგავარ ჩვენ მეგობრებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან თქვენთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პუტინის კანონია და ჩვენ უნდა გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში და აქ, საქართველოში. თქვენ გახდებით ნატო–ს და ევროკავშირის წევრი და ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტრებს ერთობლივად" - მიმართა დემონსტრანტებს ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი დღეს მაინც მიიღო.


