რა უთხრეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა მომიტინგეებს: "ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია"
14/05/2024 18:07:51 პოლიტიკა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
- "თბილისი დღეს ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია" - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა.
- "ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი აქ იდგა 2008 წელს და ახლა აქ ვდგავარ ჩვენ მეგობრებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან თქვენთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პუტინის კანონია და ჩვენ უნდა გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში და აქ, საქართველოში. თქვენ გახდებით ნატო–ს და ევროკავშირის წევრი და ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტრებს ერთობლივად", - მიმართა დემონსტრანტებს ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
-
"საღამო მშვიდობის ევროპა! საღამო მშვიდობის თავისუფლებავ! ჩვენ მოვედით პარლამენტში შესახვედრად, მაგრამ ის დაკეტილია. პარლამენტში არ მიგვიღეს, არ მოგვისმინეს, მაგრამ ჩვენ თქვენ გხედავთ და თუ ჩვენ ვერ ვიქნებით აქ უკან, პარლამენტში, ვართ აქ თქვენთან ერთად. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლაა თავისუფლებისთვის. აქ თქვენს მხარდასაჭერად ვართ", – მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ ფიშერმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი დღეს მაინც მიიღო.


