
ქაცარავას ექიმი: პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა
14/05/2024 18:26:21 საზოგადოება
ექიმის თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრ დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა.
"პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრამა და ნანახი იქნა, მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები, გაკეთდა ოპერაცია ყველაფერი რიგზეა, გონებაზე იყო პაციენტი და ახლაც დამთავრდა ოპერაცია და ყველაფერი რიგზეა. ცოტა ხანი დარჩება სტაციონარში ალბათ ორი, სამი დღე მაქსიმუმ და შემდეგ გაეწერება სახლში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხედავს ჩვეულებრივად, მხედველობა არის, უბრალოდ შეშუპებულია და მეტი არაფერი ტრავმის გამო, ყვრიმალის და ზედა ყბის მოტეხილობა იყო," - განაცხადა ექიმმა.
14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.
მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და მათ ელაპარაკებოდა, რა დროსაც სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ნიღბიანი გამოიქცა მისი მიმართულებით. მოგვიანებით გავრცელდა ქაცარავას დაზიანებების ამსახველი მძიმე კადრები.
ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
შეგახსენებთ, რომ აქციების მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდზე დაიწყო ამ მუხლით ძიება თუმცა ამ დროისთვის პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.