
გრიგორიადისის ადვოკატი: ლაზარე ნაცემია, რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა
14/05/2024 18:56:50 საზოგადოება
14 მაისს პარლამენტთან"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ადვოკატმა მოინახულა.
ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია და რომ მისი დაკავება მიზანმიმართულად განხორციელდა.
"რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა – არ ახსოვს რაღაც მომენტები...აქვს დაზიანებები სახისა და თავის არეში, აქვს ტკივილები.
ხელბორკილები მჭიდროდ ჰქონდა და აქვს ხელებზეც დაზიანებები – ეს დარღვევაა, არაადამიანური მოპყრობა!“,– თქვა ადვოკატმა.
მისი თქმით, ახალაზრდას ედავებიან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას – ადმინისტრაციული მუხლით, თუმცა დარწმუნებულია, რომ დაკავება მიზანმიმართულად განხორციელდა.
„კადრები არსებობს, რომ მსგავსს ადგილი არ ჰქონია...მისი დაკავება მოხდა მიზანმიმართულად – მოხდა იმიტომ, რომ ის ლაზარე გრიგორიადისია“.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ექიმმა მოინახულა.