ქაცარავას ცოლი: განსაკუთრებით მაშინ დაიწყეს გადაღებაო, როდესაც ცხვირიდან სისხლი წასკდა, თვალები შეუშუპდა და გაუჩნდა ნახეთქები

15-05-2024 13:17:48 საზოგადოება ,სამართალი

14 მაისს რუსთაველზე, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე დაკავებული და ნაცემი აქტივისტის დავით ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძე დარწმუნებულია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი საპოლიციო ძალების სამიზნე მისი აქტივობების გამო გახდა.

"სამიზნე გახდა იმის გამო, რომ არის აქტივისტი, აპროტესტებს რუსეთის ოკუპაციას. ეს ჰგავდა დავალების შესრულებას. ეს არ იყო რიგითი, რომელიმე ხელში მოხვედრილი მომიტინგის დაკავება. ცემის პერიოდში უღებდნენ და "განსაკუთრებით მაშინ დაიწყეს გადაღებაო, როდესაც ცხვირიდან სისხლი წასკდა, თვალები შეუშუპდა და გაუჩნდა ნახეთქები". დასისხლიანებული ფოტოები და ვიდეოები სჭირდებოდათ და განსაკუთრებით მაშინ დაუწყეს გადაღება, რომ ვიღაცისთვის ანგარიში ჩაებარებინათ თითქოს, რომ "აი, დავალება შევასრულეთო",– ამბობს ხაჭაპურიძე.

ის საუბრობს ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც:

"სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული. თვალის ბუდის ძვლები, ყვრიმალი, ზედა ყბის ძვლები...ჩაუდგეს პლატინის ფირფიტები, როგორც ვიცი. ტვინის შერყევა აქვს, თავზე აქვს ძალიან დიდი ჰემატომა. სახეში და თავში აქვს ნარტყამი გამეტებით. არაერთხელ და არაერთი ადამიანის მიერ არის ნაცემი. მადლობა ღმერთს, მხედველობა შეუნარჩუნდა. მარცხენა თვალი ბერვად უფრო დაზიანებულ აქვს და ექიმები ამბობენ, რომ გადარჩა მისი მხედველობა და თვალი".

14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.

მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და მათ ელაპარაკებოდა, რა დროსაც სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ნიღბიანი გამოიქცა მისი მიმართულებით. მოგვიანებით გავრცელდა ქაცარავას დაზიანებების ამსახველი მძიმე კადრები.

ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

შეგახსენებთ, რომ აქციების მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდზე დაიწყო ამ მუხლით ძიება თუმცა ამ დროისთვის პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები