„კამერებს რომ მოვშორდით, დაიწყო ეგზეკუციაც“ – ქაცარავა მასზე ძალადობის ოთხ ეპიზოდს აღწერს

15-05-2024 16:09:36 საზოგადოება ,კომენტარი

თვალ–ბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ზედა ყბაც, სერიოზული გემატომები მაქვს თავზე, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის,– აღწერს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას 14 მაისს აქციაზე დაკავებული და ნაცემი დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი, რომელიც კლინიკაში რჩება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.

ფოტოებზე, რომელის გუშინვე გავრცელდა, ასახავს მასზე განხორციელებული ძალადობის უმძიმეს კვალს.

კამერებს რომ მოვშორდით, იქ დაიწყო ნამდილი ეგზეკუცია, რომელიც იურისტების კვალიფიკაციით, უტოლდება წამებას– იხსენებს ქაცარავა და ყვება, რომ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საპოლიციო ძალების მხრიდან ოთხ ეპიზოდად განხორციელდა მისი ცემა „უმოწყალოდ, გამეტებით“, თუ არ ჩათვლის პოლიციოლების კორდონში გავლის ნაწილს, სადაც, მისივე თქმით, ასევე ურტყამდნენ.

პირველი ეპიზოდი

„პირველი სერიოზული ცემა იყო მანქანაში და მანქანასთან. ჯერ გამჩხრიკეს სპეცრაზმელებმა – წამართვეს ჩემი ტელეფონი, ჩანთა, საფულე...ამ პროცედურის შემდეგ გამოიძახეს მინივენი. ის რომ ჩამოვიდა, წამიყვანეს იქითკენ და შემომეხვია ალბათ მინიმუმ, 10 სპეცრაზმელი მაინც. გაისმა ბრძანება, „კრუგი“ გააკეთეთო“. მივხვდი, რომ ეგზეკუცია იწყებოდა. გაკეთდა წრე და ამ შემოხვეულმა სპეცრაზმელებმა დაიწყეს ჩემი ცემა. ხელები მქონდა უკან შეკრული, რომ სახე არ დამეცვა ამ დარტყმებისგან. ხელბორკილები მჭიდროდ იყო გადაჭერილი, რომ მაქსიმალური დისკომფორტი მქონოდა“,– ყვება ქაცარავა.

მეორე ეპიზოდი

იხსენებს, რომ ცემის შემდეგ ის შეაგდეს მინივენში, „სადაც შემომყვა კიდევ სამი მკვლელი, რომლებმაც მაშინვე დაიწყეს ჩემი ცემა. უმოწყალოდ, დამიზნებით მირტყამდნენ ყბაში, თვალში, თავზე. მირტყამდნენ სპეციალური ხელთათმანებით – სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ, რომელზეც "კასტეტის“ მაგვარი გამონაზარდებია – ფაქტობრივად კასტეტის ფუნქციას ატარეს“.

მესამე ეპიზოდი

„ცოტა ხნით დამტოვეს. სადღაც 15 წუთში კვლავ დაბრუნდნენ და ისევ მცემეს. ისევ დამიზნებით ხდებოდა დარტყმა თვალში და თავში...“

მეოთხე ეპიზოდი

„მეოთხე ცემა დაახლოებით კვლავ 10–15 წუთის შემდეგ განხორციელდა მანქანში – როდესაც შემოვიდა ოთხი სპეცრაზმელი. მეოთხე ცემა იყო ყველაზე სასტიკი და ხანგრძლივი. მომგუდეს კიდეც – ყელსახვევი მეკეთა და ვცდილობდი, რაღაცნაირად თავი დამეცვა თავის დამალვით, რომ დამიზნებით ვერ დაერტყათ. უკვე მოგვუდვით გადამიწიეს თავი უკან და რომ ნახეს, რომ მათთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო – იმას ვგულისხმობ, რომ აბსოლუტურად ჩასისხლიანებული იყო სახე, თავზე გემატომები – დაიწყეს ჩემი სახის გადაღება ახლო რაკურსით (შესრულებული სამუშაო უნდა ეჩვენებინათ. ფრაზაც გავიგე, ახლა გადავუგზავნიო.). შესაძლოა, ვიდეოც ჩაწერეს, არ ვიცი, რადგან ვიგრძენი, რომ იმაზე მეტხანს იყო მოშვერილი კამერა, ვიდრე ფოტოს გადაღებისთვის არის საჭირო. იქვე კიდევ ერთხელ მივმართე იმ პირველადი პათოსით, „რატომ მცდემთ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ საერთო მტრის წინააღმდეგ!“. სხვათა შორის, არ ვიცი, რომელიღაცას ალბათ სინდისმა შეაწუხა და გარედან გამოსძახა, „გეყოფათ, ნუ ურტყამთ, საკმარისიაო“.

ქაცარავა ამბობს, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ სპეცრაზმელებმა დატოვეს მანქანა და პატრულიც გამოჩნდა:

“გადაღების შემდეგ, რომ გადიოდნენ, უკვე დაზიანებულ ნაწილში კიდევ რამდენჯერმე დამარტყეს. გადავიდნენ მანქანიდან და ცოტა ხანში კიდევ რომ გაიღო კარი, ველოდებოდი შემდეგ სერიას, „ალბათ უფროსმა ნამუშევარი დაუწუნა“...უკვე მოსული იყო პატრული, რომელმაც წამიყვანა.

მადლობა მინდა, მათ გადავუხადო – ძალიან შეწუხდნენ და მანქსიმალურად ცდილობდნენ, შეემსუბუქებინათ ჩემთვის მგზავრობის პერიოდი, რაც დაგვჭირდა მთავარ სამმართველომდე მისასვლელად.

მთავარი სამმართველოდან, როდესაც ნახეს, რა დღეში ვიყავი და უკვე ცუდად ვხდებოდი, მალე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სასრაფომ გადამიყანა ინგროყვაში, სადაც მალევე გამიკეთდა ოპერაცია“.

ის დარწმუნებულია, რომ მასზე ძალადობა დაშინების მიზნით, შეგნებულად განხორციელდა, თუმცა თავს შინაგანად მხნედ გრძნობს.

„შევეცდები, რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, რომ დავუბრუნდე აქციებს და პატრულირებას საოკუპაციო ხაზთან.

ეს ტერორია! ემსახურება დაშინებას, მაგრამ ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ამგვარი მეთოდებით ვერ დაგვაშინებს ამდენ ადამიანს, რომლებიც ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანა უსწრაფესად მიექანება რუსეთისკენ. რუსეთში ცხოვრება არ გვინდა და თუ საჭირო იქნება, შევაკვდებით კიდეც!“.

14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.

მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და მათ ელაპარაკებოდა, რა დროსაც სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ნიღბიანი გამოიქცა მისი მიმართულებით. მოგვიანებით გავრცელდა ქაცარავას დაზიანებების ამსახველი მძიმე კადრები.

ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

შეგახსენებთ, რომ აქციების მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდზე დაიწყო ამ მუხლით ძიება თუმცა ამ დროისთვის პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები