ბელქანია: აფხაზეთში დააკავეს 14 ახალგაზრდა, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ, სერიოზული რეპრესიები დაიწყო!

15-05-2024 18:33:04 კონფლიქტები ,საზოგადოება

წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ წალენჯიხაში მიმდინარე აქციაზე გააჟღერა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდების დაკავების შესახებ, რომლებიც, მათ შორის, თბილისში მონაწილეობდნენ პროტესტში.

მისი თქმით, 14 ახალგაზრდა ენგურის ხიდის გადაკვეთისთანავე დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„ნახევარი საათის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში ესწრებოდნენ აქციებს, უკან დაბრუნების შემდეგ, ყველა, ვინც გადაკვეთა ენგურზე ხიდი – აფხაზებმა (სულ რაღაც 15 წუთის ან ამ ღონისძიებაში რუსებიც ჩაერთნენ), გადაიყვანეს დაკითხვაზე. 14 ბავშვია გადაყვანილი დაკითხვაზე. სამი მანქანით დახვდნენ... არ ვიცით მათი ბედი – სატელეფონო კავშირი გაწყვეტილია. უბრალოდ ვიცით, რომ დაკავებულები არიან და გადაყვანილები დაკითხვაზე...

ყველაზე მნიშვნელოვანი: აქციაზე ამათი ფოტოები [აქვთ], მათ ახლობლებს ურეკავენ – ჩემს მეგობარს ურეკაენ, რომელიც ამ ეტაპზე წალენჯიხაშია, მაგრამ ოჯახი ჰყავს გალში... სერიოზული რეპრესიებია დაწყებული. ხელისუფლებამ ეს თუ არ იცოდა [ახალგაზრდების დაკავების ფაქტი], უკვე საქმის კურსშია.

სერიოზული ჩარევაა საჭირო. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან!“,– თქვა ბელქანიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები