
კახა კალაძე: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა, გამოვაცხადეთ უქმე დღე და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ, შევხვდეთ ერთმანეთს
16/05/2024 08:31:55 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"როგორც იცით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ოჯახი არის ის, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ ოჯახიდან იწყება. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. ხვალ, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, პარაკლისის შემდეგ კი მსვლელობა გაიმართება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალინდელი დღე უქმედ გამოცხადდა. ასე რომ, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ თქვენი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა. კერძოდ,1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.
ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ.
2013 წლის 17 მაისს თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტქ+ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და საქართველოს მოსარჩელეებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“, ააიპ "იდენტობისა" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის" (EHRAC) ერთობლივ საქმეზე -„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.