
EBRD-მა და USAID-მა "შუა დერეფნის" განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
16/05/2024 09:06:39 ეკონომიკა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის“ (TITR), იგივე "შუა დერეფნის" განვითარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კავშირი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით, – ამის შესახებ EBRD–ის მირ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება ვაჭრობის გაფართოებაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. "შუა დერეფნის" გაძლიერება შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს არსებული კომერციული დერეფნების მიმართ.
მემორანდუმის მიზანია გააძლიეროს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დიზაინი და მშენებლობა. ის ასევე მიზნად ისახავს: გააუმჯობესოს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობა; შუა დერეფნის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალის ინვესტიციების მოზიდვა; და მიიღოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისთვის.
თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები ფოკუსირებულია ინვესტიციების გაფართოებაზე ნახშირბადის გარეშე ენერგიის შესაძლებლობებში და პოლიტიკისა და მმართველობის რეფორმების წინსვლაზე კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობის გაფართოებაზე.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ ერინ ელიზაბეტ მაკკიმ. დოკუმენტი გაფორმდა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს", – ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.