
აშშ-მა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საქმეში მონაწილე პირებს სანქციები დაუწესა
16/05/2024 19:41:16 მსოფლიო
აშშ-მა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საქმეში მონაწილე პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სანქციებს ექვემდებარებიან კომპანია Rafort-ის მფლობელი რაფაელ გაზარიანი და „ტექნოლოგიების“ მფლობელი ალექსეი ბუდნევი. ცალკე სანქციების სიაში აღმოჩნდნენ მათი კუთვნილი კომპანიები და ასევე კომპანია „ტრანს-კაპიტალი“, რომელიც, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული იარაღისა და სამხედრო დანიშნულები მასალების იმპორტში მონაწილეობდა.
"გაზარიანი თანამშრომლობდა სლოვაკეთის მოქალაქე აშოტ მკრტიჩევთან, რომელიც რუსეთსა და კორეის სახალხო რესპუბლიკას შორის იარაღის მიწოდების გარიგებების ხელშეწყობის მცდელობისთვის სანქცირებულთა სიაში გასული წლის მარტში აღმოჩნდა. გაზარიანი სავარაუდოდ, 2023 წლის განმავლობაში მუშაობდა მკრტიჩევთან ასეთი გარიგების ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, გაზარიანი იყენებდა კომპანია "ტრანს-კაპიტალს", რათა საავიაციო კომპონენტების გადაზიდვასა და მიწოდების საქმეში ჩრდილოეთ კორეელ იარაღის დილერს დახმარებოდა", – აცხადებენ უწყებაში.
მისი ცნობით, 2023 წლის მარტში ბუდნევმა ხელი შეუწყო რუსეთისთვის სამხედრო საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეაში იყო დამზადებული.
"დღევანდელი ქმედებები ასახავს ჩვენს სურვილს, ხელი შეუშალოს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას", - აღნიშნა ფინანსური დაზვერვისა და კონტრტერორიზმის დარგში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოადგილემ ბრაიან ნელსონმა.
აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ადრე ჩრდილოეთი კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ეს ბრალდებები უარყვეს.