
რუსეთში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში ნავთობობიექტებს დრონებით შეუტიეს
17/05/2024 06:02:03 მსოფლიო
გვიან ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბის ცნობით, თავდასხმაში ორი დრონი მონაწილეობდა.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ტუაფსე არის რუსეთის საკურორტო ქალაქი. ასევე, აქ მდებარეობს მთავარი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე – სოჭისა და კრასნოდარის მახლობლად.
გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკში ძლიერი აფეთქებები მოხდა.
თავდასხმია იყო პორტსა და ნავთობის საცავზე.
რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ "შეტევის წარუმატებელი მცდელობა" იყო და რომ 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა.
კერძოდ, მოსკოვში დილით გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე „გაანადგურეს“ და „გზად დაიჭირეს“ 51 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო კრასნოდარის მხარეში - 44.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იყენებს ტრადიციულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული აქტები განეხორციელებინა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“. არც ობიექტები და არც დრონებით მასირებული შეტევის შედეგები დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყირიმის და კრასნოდარის გარდა, 6 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს ბელგოროდის ოლქში და 1 - კურსკის ოლქში. შესაბამისად, საერთო ჯამში, საუბარია 102 უპილოტო საფრენ აპარატზე.
უკრაინას დრონებით დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.