
სააგენტო: გერგეტის სამებაში ნალექი ჩადიოდა, აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს, დაიწყო რეაბილიტაცია
17/05/2024 07:26:14 საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ იტყობინება.
სააკენტოს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა.
"გადახურვის ნაშვერების არქონის გამო სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩამოედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს",– იტყობინება სააგენტო.
მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა.
შეტყობინებაში ვკითხულობთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავა კონსტრაქშენი“.
სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 614 000 ლარი.
გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.).