
ნაცემი მომიტინგე – სპეცრაზმელებზე: ეს ადამიანები არიან იდეოლოგიზებულები
17/05/2024 07:37:56 საზოგადოება
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გურამ ადამია, რომელსაც დაკავების დროს საპოლიციო ძალები სასტიკად გაუსწორდნენ, დარწმუნებულია, რომ მოძალადე სპეცრაზმელები იდეოლოგიზირებულები არიან. საუბრობს საპოლიციო სისტემაზეც.
"სისტემა აქვთ აწყობილი. წინა ხაზში პოლიციელები დგანან ხოლმე, ძირითადად. ეს პოლიციელები გავარდებიან ხალხში, იწვევენ პროვოკაციებს, მერე ერთ ადამიანს ირჩევენ და ამ ერთ ადამიანს აგდებენ შიგნით. შემდეგ ეს ადამიანი გადაჰყავთ სპეცრაზმთან, რომელიც მთავარ ცემას, შეურაცხყოფას და წამებას სჩადის".
ის იხსენებს პირადად მის შემთხვევაში განვითარებულ მოვლენებს:
"მე ვიყავი, კიდევ ორი ქართველი და ერთი ამერიკელი. ჩვენ დაგვაგდეს გორაზე და რიგრიგობით ჯერ გვირტყეს ზემოდა, მერე ფეხებით გადაგვიარეს და მხოლოდ მერე დაკავების პროცესი დაიწყო ეტყობა, შეგვიკრეს პლასტმასის ხელბორკილებით, მომატრიალეს მუცელზე და კიდევ გადაიარეს ჩემზე.
მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს ძალადობა არის, რომ ვიღაცები დაიქირავეს, ხელფასს უხდიან, სამსახურია დაა ამ სამსახურში ხალხს აერია და ზედმეტი მოუვიდა ან რაღაცა. ამ ცემის პერიოდში ვინც ამას შვრებოდა და ხმას იღებდა, ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ამერიკის "შნირები", თან ამერიკის მოქალაქესაც ამას ეუბნებოდნენ, ვართ "პედერასტი", უკაცრავად ამ სიტყვის გამოყენებისთვის, და ნარკომომხმარებელი. ეს ადამიანები იმიტომ კი არ სცემენ რომ ფულს უხდიან, არამედ სჯერათ, რომ ჩვენ დასასჯელები ვართ. ეს ადამიანები არიან იდეოლოგიზებულები".
მიუხედავად საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის არა ერთი შემთხვევისა, ამ დრომდე არც ერთი პირი არაა პასუხისმგებაში მიცემული.