
რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ
17/05/2024 07:58:00 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.
„გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატო-ს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე. აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარებასა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებაში ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელოვანი როლი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის",– ვკითხულობთ შეტყობინებაში.
ადმირალ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დეტალები გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დირექტორთან, გენერალ ლეიტენანტ იანუშ ადამჩაკთან განიხილა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის საკითხსა და სამხედრო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს.
ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანელ, ფრანგ, რუმინელ და სლოვაკ კოლეგებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021