გიორგი ოკმელაშვილს ბრალი დაუმძიმეს

17-05-2024 12:08:35

თბილისის საქალაქო სასამართლოში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ადვოკატის თქმით, მის ბრალდებაში ახალი მუხლი გაჩნდა.

ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის თქმით, ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა მცირე ოდენობის ექსტაზი ამოიღეს და ეს გახდა ბრალის დამძიმების საფუძველი.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე – გირაოს.

ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს იყო საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვისა დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია. ის სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. პარალელურად მის სამსახურეობრივ ოფისსა და სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები