
გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეუფარდეს
17/05/2024 08:26:07 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებლის, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მის ბრალდებაში ახალი მუხლი გაჩნდა.
პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით, დაიცვის მხარე – გირაოს, თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის შიამდგომლობა გაითვალისწინა.
ოკმელაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ნარკოტიკი, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, 2 წლის წინ, კლუბში აჩუქეს:
"ეს ნარკოტიკი ერთ-ერთი კლუბის შესასვლელში, 2 წლის წინ მაჩუქეს და რადგან მომხმარებელი არ ვარ, თაროზე მედო, დამავიწყდა".
ამასთან ისაუბრა თავად იმ ეპიზოდზე და ზოგად კონტექსტზე, რაც ჯამში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმედ აქცია ბრალდებამ:
"იმ დღეს, რუსულ კანონს მშვიდობიანად ვაპროტესტებდით. პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა ნიღბებით და მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ". თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა და ხელს ვკრავდი. პატივცემულს [პოლიციელს] ბოდიშს მოვუხდი, თუმცა მანამდე ალექსანდრესგან [პოლიციელი] ძალიან დიდი - არაპროპორციული ძალის გამოყენება იყო. მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი".
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვისა დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია. ის სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. პარალელურად მის სამსახურეობრივ ოფისსა და სახლში ჩატარდა ჩხრეკა.