საქსტატი: I კვარტალში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა

17-05-2024 14:30:26 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში, ისევე როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოში 121 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

იანვარ-მარტში სასაკლაოები 10.1 ათას პირს მოემსახურნენ, საიდანაც 37.6% ოჯახური მეურნეობები იყო. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 ადამიანი შეადგინა.

სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. კერძოდ, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემდეგია:

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 36.5 ლარი/წლიური ზრდა 2.7 ლარი;
  • ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 15.8 ლარი/წლიური ზრდა 2 ლარი;
  • ღორის დაკვლის საფასური - 30.7 ლარი/წლიური ზრდა 1.8 ლარი.

I კვარტალის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედი სასაკლაოები რეგიონული გადანაწილება ასე გამოიყურება: 18.2% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.7% ქვემო ქართლის, 14.9% - შიდა ქართლის რეგიონში, 13.2% - იმერეთის, 11.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 9.1% - მცხეთა-მთიანეთის, ხოლო 17.4% - სხვა რეგიონებში.

საქსტატის სასაკლაოების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, წლიურად დაახლოებით 2%-ით გაიზარდა სასაკლაოებში დაკლული პირუტყვის რაოდენობა და I კვარტალში 100.1 ათასი სული შეადგინა, საიდანაც 36.8% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.1% - ღორი, ხოლო 4% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3%-ს შეადგენს. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 მილიონ 989 ათასი ერთეული იყო.

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4%-ით გაიზარდა სასაკლაოების მიერ წარმოებული ხორცის რაოდენობა (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით) და I კვარტალში 14.1 ათასი ტონა შეადგინა. აქედან: 30.9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.2% - ფრინველის ხორცზე, 28.2% - ღორის ხორცზე, 0.6%- ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები